რჩევები სასტუმროს წარმატებული ფოტოსესიისთვის



სასტუმროს მარკეტინგისთვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სასტუმროს ფოტოებია. ხარისხიანი და კონცეპტუალურად სწორად შერჩეული ფოტოების საშუალებით ბევრი ვიზიტორის მოზიდვაა შესაძლებელი. სასტუმროს ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებლად გაიტვალისწინეთ ფოტოსესიის ხარჯები.

როგორ უნდა გაზარდოს ფოტოებმა სასტუმროს გაყიდვები?

პირველ რიგში, ფოტოებმა სწორად უნდა წარმოაჩინონ სასტუმროს არქიტექტურა, მისი დიზაინი და კონცეფცია;  გარდა ამისა, ფოტოგრაფმა უნდა ასახოს ის ინდივიდუალური, ავთენტური, მხოლოდ თქვენი სასტუმროსთვის დამახასიათებელი ატმოსფერო, რომელსაც შეიგრძნობს სტუმარი თქვენს სასტუმროში მოხვედრისას.

  • ფოტოგრაფმა ფოტოსესიამდე დაწვრილებით უნდა დაათვალიეროს სასტუმრო, მისი ბუნებრივი განათების შესაძლებლობები, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი განათება (მზის შუქი) და ასევე ხელოვნური განათების მოწყობილობები. ფოტოებმა რაც შეიძლება კარგად უნდა წარმოაჩინონ სასტუმროს უნიკალური, მისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო.  
  • ფოტოსესიის დაწყებამდე, ფოტოგრაფი უნდა შეხვდეს მარკეტინგის დეპარტამენტს, სარეკლამო სააგენტოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გრაფიკულ დიზაინერსა და ვებ დიზაინერს, რომ ერთად განიხილონ ფოტოსესიის დეტალები და  დასახონ პრიორიტეტები.   
  • წინასწარ უნდა შეირჩეს დეკორაციისთვის აუცილებელი ნივთები, რომლებიც გამოყენებული იქნება ფოტოსესიის პროცესში.
  •  თუ ფოტოსესიისას მოიწვევთ მოდელებს - მათ ჩაცმულობაზე, ვარცხნილობასა და მაკიაჟზე უნდა იზრუნონ სტილისტებმა.
  •  წინასწარ უნდა მომზადდეს გადასაღები ოთახები და საერთო ფართები, როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე.
  • სპეციალურად უნდა მომზადდეს სასტუმროს რესტორანი, სადაც წარმოჩენილი იქნება თქვენს მიერ შეთავაზებული კერძები.

    ფოტოგრაფის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • ფოტოგრაფი უნდა იყოს დახელოვნებული სასტუმროს ფოტოგადაღებაში.
  • ფოტოგრაფის შერჩევისას აუცილებლად გაეცანით მის წინა ნამუშევრებს.

გახსოვდეთ! ფოტოების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს და  არა რაოდენობას,  ითვლება, რომ ერთი საშუალო ზომის სასტუმროსთვი სრულიად საკმარისია 20-30 ფოტო.