რჩევები საუზმისთვის



სასტუმროს ხარისხის ექსპერტების თქმით, სასტუმროზე შექმნილი შთაბეჭდილების 80 პროცენტს განაპირობებს დილის საუზმე. გარდა კლასიკური საუზმისა, რომელიც შეიცავს: ჩაის, ყავას, რძის ნაწარმს, კვერცხს, ძეხვეულს, სალათებს, ცხელ კერძებს, ფაფებს, სხვადასხვა ჯემებსა, ტკბილეულს და ა.შ. სტუმრებს სასურველია შესთავაზოთ ადგილობრივი, რეგიონისთვის დამახასითებელი პროდუქტი, ეს აუცილებელი შტრიხია საუზმის წარმატებისთვის. საქართველოში ხშირად სტუმრებს სთავაზობენ ხაჭაპურს და ლობიანს, ამ ცომეულთან ერთად, კარგი იქნება თუ თქვენი სტუმრებისთვის გამოიყენებთ თქვენი რეგიონის განსაკუთრებულ კერძებსა და ტკბილეულს. მაგალითად, კახეთში შეიძლება დილის მენიუ გაამდიდროთ ფელამუშით, ჩურჩხელებით, დედას პურებით; საქართველოს ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი გასტრონომიული თავისებურებებით.  რა თქმა უნდა, თქვენი სტუმრების გაკვირვებას მხოლოდ კლასიკური საუზმითაც შეძლებთ თუ ის მაღალხარისხიანი პროდუქტით იქნება დამზადებული, მაგრამ ადგილობრივი კერძების კუთხის მოწყობით, თქვენ დამატებით ინტერესს გაუჩენთ სტუმრებს თვენი სასტუმროსადმი და სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებთ მათზე. 

საუზმის შვედურ მაგიდას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კერძების სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი ეტიკეტები, რომ სტუმრებმა იცოდნენს თუ რას მიირთმევენ. 

Don’t: ნუ მოატყუებთ სტუმრებს და კარაქის ნაცვლად ნუ შესთავაზებთ მარგარინს, კარაქი საუზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

Do: შეეცადოთ ჯემები და მურაბები თქვენს სასტუმროში იყოს დამზადებული, მითუმეტეს, რომ საქართველო უგემრიელესი ხილის ქვეყანაა, მოამზადეთ სხვადასხვა ჯემები და მურაბები თქვენი სტუმრებისთვის. თქვენი სასტუმროს სახელწოდებით დაფასოებული თქვენივე ჯემების და მურაბების პატარა ქილები შეგიძლიათ საჩუქრად მიართვათ თქვენს სტუმრებს, ეს იქნება თქვენგან სასიამოვნო ჟესტი სტუმრების კეთილგანწყობისთვის.

არ დაგავიწყდეთ! საუზმისთვის სასიამოვნო, სუფთა გარემოს შექმნა. შეარჩიეთ სადა, ღია ფერის ჭურჭელი, თეთრი ფერის ხელსახოცები, გაპრიალებული დანა-ჩანგალი და კოვზები. ძალიან დაბალ ხმაზე ჩართეთ სასიამოვნო მელოდია (ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ საუზმისთვის განკუთვნილი მელოდიები).

რ დაგავიწყდეთ! მომსახურე პერსონალის ჩაცმულობა. თუ არ გაქვთ სპეციალური უნიფორმა, თეთრი პერანგი შეხამებული მუქ შარვალთან და ერთიფერის წინსაფართან საკმარისია საუზმის დარბაზში მომსახურე პერსონალისთვის. და რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად მას უნდა ამშვენებდეს თავაზიანობა და ღიმილი.

გისურვებთ წარმატებებს!